რუსეთის სასამართლოები სიტყვა „ნავალნის“ ან გარდაცვლილი პოლიტიკოსის პორტრეტის გამო ხალხს აჯარიმებენ და აპატიმრებენ | რუსი ოპოზიციონერის დაღუპვიდან 1 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

 

 

16 თებერვალს 1 წელი შესრულდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან. ჯერ კიდევ 2021 წელს უზენაესმა სასამართლომ მისი ანტიკორუფციული ფონდი და რეგიონული შტაბი ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და აკრძალა მათი საქმიანობა.

რუსეთში ალექსეი ნავალნიზე საუბარი სახიფათოა მისი სიკვდილის შემდეგაც. როგორც BBC წერს, ამას ადასტურებს რუსეთის სასამართლოს ათობით გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიტყვა „ნავალნი“ ან უბრალოდ პოლიტიკოსის პორტრეტი ხელში არის ჯარიმის ან ადმინისტრაციული დაპატიმრების, ზოგჯერ კი რეალური პატიმრობის საფუძველი.

  • 2025 წლის 13 თებერვალს ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 40 წლის შემდუღებელ ალექსანდრეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრად იქნა აღიარებული ნავალნის გუნდის ტელეგრამის არხიდან რამდენიმე ინფორმაციის გაზიარებისთვის. პირველი ნავალნის შტაბის მუშაობის განახლების შესახებ იტყობინებოდა, მეორეში კი პუტინის პრეზიდენტად არჩევის საწინააღმდეგო ბროშურების მაკეტები იყო გამოქვეყნებული.
  • 2024 წლის 22 თებერვალს რიბინსკის სასამართლომ 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კიდევ ერთ რუს მუშას, მეტალურგ ნიკოლაის. მამაკაცი ციხეში გაგზავნეს გრაფიტის გამო, რომელიც მან ნავალნის დაბადების დღეზე, 2023 წლის 4 ივნისს გააკეთა.
  • 2023 ჩელიაბინსკის მკვიდრი მიხეილი 1000 რუბლის ოდენობით დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც ცარცით დაწერა ნავალნის სახელი ასფალტზე, გადაუღო ფოტო და გამოაქვეყნა ტელეგრამის არხზე . მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ფოტო იყო „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული „ნავალნის შტაბის“ სიმბოლოების პროპაგანდა“ პოლიტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებმა დაიწყეს ნავალნის სახელისა და ფოტოების მასიურად აღიარება ექსტრემისტულ სიმბოლოებად.
  • 2024 წლის 19 თებერვალს გაირკვა, რომ ნავალნის სახელის ხმამაღლა ხსენებაც კი აკრძალული იყო. სერგეი, ექიმი ნოვი ურენგოიდან, ათასი მანეთით დაჯარიმდა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ „ექსტრემისტული“ მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ის იძახდა, რომ ნავალნი, რომელიც მათი თავისუფლებისთვის იბრძოდა, მოკლეს და ეს არავის აინტერესებს. ამ საქმეზე ნოვი ურენგოის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ალექსეი ნავალნი აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
  • 2024 წლის ბოლოს პეტერბურგის სასამართლომ უნივერსიტეტის ლექტორი ოლგა სამჯერ დააჯარიმა. მან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან „სოლოვეცკის ქვასთან“ ნავალნის ფოტო მიიტანა მხარდამჭერი ტექსტებით. სულ მცირე რვა სასამართლო გადაწყვეტილებაში - მურმანსკში, ტვერში, სანკტ-პეტერბურგში - ნათქვამია, რომ სახელი და გვარი - "ალექსეი ნავალნი", ისევე როგორც გამოსახულება, საზოგადოებრივ აღქმაში დამკვიდრებულია , როგორც ატრიბუტი ორგანიზაცია ФБК-ის და ნავალნის შტაბ ორგანიზაციების, რომლებიც ექსტრემისტულადაა აღიარებული.
  • სწორედ ამიტომ, მურმანსკის კოვდორსკის სასამართლომ პენსიონერი ელენა 1500 რუბლით დააჯარიმა იმისთვის, რომ ნავალნის ფოტო გამოაქვეყნა მასზე დადებული ყვავილებით და წარწერით „მარადიული ხსოვნა“.
  • 2024 წლის 1 მარტს, მურმანსკის ოქტიაბრსკის სასამართლომ აქტივისტ ტატიანას შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მან საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხეზე დაკიდა პლაკატები მისი ფოტოებით და წარწერით „ალექსეი ნავალნი მოკლეს, მისი სისხლი შენ ხელებზეა, ვოვა“. არსებობდა საფრთხე, რომ აქტივისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრულიყო თუმცა რუსეთის შსს-ს ექსპერტის შეფასებით, მკვლელობაში ბრალდებული პიროვნება იდენტიფიცირებული არ იყო.
  • იმავე დღეებში, სანქტ-პეტერბურგში, აქტივისტი ოლეგი გაგზავნეს წინასწარი დაკავების ცენტრში წარწერებისთვის, სადაც აქტივისტი პირდაპირ ადანაშაულებდა პუტინს ნავალნის მკვლელობაში. ოლეგის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
  • სხვა რეგიონების სასამართლოები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და აღიარეს ნავალნის გამოსახულება, როგორც "სიმბოლო" და მის მიერ შექმნილი აკრძალული ორგანიზაციების "ლოგო".
  • 2024 წლის მარტში დიმიტროვოში კონსტანტინი 3 დღით დააკავეს იმის გამო, რომ მან ბაღის სკამზე დადო ნავალნის ფოტო და ყვავილები.
  • კრასნოდარში ანტონი დააკავეს იმის გამო რომ მან გარდაცვლილი პოლიტიკოსის ფოტო სკამზე გააკრა.
  • ირკუტსკის სასამართლომ, ორი ადგილობრივი მცხოვრები, გალინა და ქსენია, შვიდი დღით დააკავა პლაკატის გაკვრისთვის, რომელზეც ნავალნი იყო გამოსახული. მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ ელექტრო ჯიხურთან გავლისას დაინახა პლაკატი ნავალნის გამოსახულებით და ჩამოხია, მიაჩნია, რომ მასზე არსებული წარწერა ქვეყნის ხელმძღვანელობის, კერძოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციას ახდენდა. ამის შემდეგ მოქალაქე პოლიციას დაუკავშირდა, პლაკატის გამკვრელი ქალი კი დააკავეს.
  • რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს ნავალნის გამოსახულებიანი მაისურების გამოც.
  • პრობლემები შეექმნათ ინტერნეტის მომხმარებლებსაც, რომლებიც ნავალნის ფოტოს სოციალური მედიის გვერდებზე ავატარად იყენებდნენ. 2024 წლის ბოლოს, კრასნოდარის მოსამართლემ ამის გამო დააჯარიმა ვიქტორი, გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ ნავალნი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი და მისი სურათი, სავარაუდოდ, "ექსტრემისტული მასალაა".

2024 წლის ბოლოს, ნავალნის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, როსფინმონიტორინგმა კვლავ უარი თქვა მის "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიიდან ამოღებაზე. როსფინმონიტორინგმა ეს იმით ახსნა, რომ მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. თუმცა, სასამართლოები ნავალნის სახელის, როგორც ექსტრემისტული სიმბოლოს აკრძალვისას ამ სიაში მის ყოფნას უთითებენ.

დღეს, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში მინიმუმ 12 ადამიანი დააკავეს.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა თბილისშიც, პუშკინის სკვერში. ანტიპუტინისტურ აქციაზე გაიხსენეს ის რუსი პოლიტპატიმრები და აქტივისტები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსხვერპლნენ.

ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააპატიმრეს რუსეთში გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადიოდა მოწამვლის გამო. 2023 წლის დეკემბერში კი არქტიკული წრის მიღმა  მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს.  ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალური უწყებები ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ. მისი ოჯახი და დემოკრატიული საზოგადოება კი დარწმუნებულია, რომ რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის უკან ვლადიმირ პუტინი დგას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი