ევროპის საბჭო მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება, - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. მათივე თქმით, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია.

კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს. ამასთან, მინისტრთა კომიტეტი მიესალმება, რომ სახალხო დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული სრული განცხადება გიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ვანო მერაბიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ხელისუფლება ამ საქმეს ვეღარ გამოიძიებს და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს უკვე შეცვლილი ხელისუფლება შეასრულებს.

რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და ვეღარც გამოიძიებს, ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც ერთი თვე დარჩა. მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მას შემდეგ, რაც ერთ თვეში ეს ხელისუფლება შეიცვლება, პროკურატურა შეძლებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას და ამ საქმეზე სიმართლის დადგენას, - ამბობს ვანო მერაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი