„ამჟამად ჩემი ნდობის რეიტინგი 57%-ია, ასე რომ, თუ ვინმეს სურს ჩემი ჩანაცვლება, ახლა ამის საშუალება არ არის“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა. ზელენსკის თქმით, ეს დეზინფორმაციაა:
„რადგან ჩვენ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, გვესმის, რომ ის მოდის რუსეთიდან და გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ ციფრებს განიხილავენ ამერიკა და რუსეთი. მე შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იმყოფება ამ დეზინფორმაციულ სივრცეში,” - დასძინა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ტრამპის მიერ დასახელებულ ციფრებს, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებაზე - ზელენსკის თქმით, აშშ-ის დახმარება იყო 67 მილიარდის იარაღი, ხოლო 31,5 მილიარდის საბიუჯეტო საფინანსო სახსრები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 69,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიაწოდა.
ამავდროულად, ავტორიტეტული ამერიკული ანალიტიკური საბჭო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, 175 მილიარდ დოლარად აფასებს უკრაინისთვის გაწეულ ამერიკულ დახმარებას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.