საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა, დაზარალებული სამართალდამცველის მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილიც იმყოფებოდა.
მისივე თქმით, დადგენილია ყველა იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც სხვიტარიძის დაკავებასა და ეტაპირებაში მონაწილეობდა.
"უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ ძალიან კარგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკვეთა ყველა პირი, რომელმაც საბა გაიტაცა, მათი სახელები და გვარები გამოიკვეთა...
ჩვენ აქამდე არ ვიცოდით ამ ადამიანების ვინაობა. ამ ადამიანების ვინაობა დაადგინა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ჩვენ არ გავჩერდებით ამაზე, მათ შორის, დავადგენთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ვინაობასაც, მათაც მოვიყვანთ აქ...ჩვენთვის ცნობილია, ამ ავტომობილში ვინ იმყოფებოდა, იქ 4 პირი იყო, ისინი სასამართლო სხდომაზე ჩამოვთვალე და სწორი არ იქნება, მედიასთან ჩამოვთვალო. ამ 4 პირიდან ერთ-ერთი და დანარჩენი 3 ესწრებოდა დაკავებას. მიხეილ სუჯაშვილი არის მათ შორის" აღნიშნა ადვოკატმა
საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს - მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 11 წლამდე.
სინამდვილეში კი, სასტუმროსთან ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები, გინებით და მუშტებით დაესხნენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ქალებს, რა დროსაც სხვიტარიძემ მისი თანმხლები პირების დაცვა და აგრესიის მოგერიება სცადა.