ისრაელში, თელ ავივის რეგიონში მდებარე ქალაქებში ბათ-იამსა და ჰოლონში ხუთშაბათ საღამოს, ავტობუსის სადგომზე 3 ცარიელი ავტობუსი ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა. პოლიციის თქმით, მომხდარი სავარაუდოდ ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება. ინციდენტების შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მედიის ცნობით, პოლიციამ ჰოლონში ავტობუსებში ორი აუფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. ისრაელური მედიის ცნობით, თითოეულ მოწყობილობაში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტუაციის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებდა და სიტუაციის შესაფასებლად გვიან ღამით შეხვედრაც გაიმართა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული კერების წინააღმდეგ მასიური ოპერაციის დაწყება, პოლიციას კი პრევენციული აქტივობების გაზრდა დაავალა.
ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით ტრანსპორტი დროებით შეწყვეტს მომსახურებას და ჩატარდება ყველა ავტობუსის, მატარებლისა და მეტროტრამის ჩხრეკა.