კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ მიმართა.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ საქართველოში, რომელიც სწრაფად გადადის დიქტატურაში. ომის დამნაშავე პუტინი ცდილობს აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია შემოსევებისა და გაყალბებული არჩევნების გზით. "ქართული ოცნების" არალეგიტიმური დელეგაცია უარყოფილი უნდა იყოს," - წერს უილსონი.
უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართვაში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე შეშფოთება გამოხატა:
"საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. "ქართული ოცნების" დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში," - განაცხადა უილსონმა. [თარგმანი: ipn.ge]