ოლიგარქის არალეგიტიმური პრემიერი ევროკავშირის ელჩს რუსული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით ესხმის თავს და მას "ძალადობის თანამონაწილეს" უწოდებს. კობახიძის მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკი "ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ":
"ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მიდგომა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, რომ არც ერთხელ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის.“,- ამბობს რეჟიმის თვითგამოცხადებული პრემიერი.
კობახიძე ამჯერად ჰერჩინსკის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც დიპლომატმა თქვა, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება“.