Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას აპირებს. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნებმა მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციამ შესთავაზა.
25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დეტალებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე - 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელშიც უკრაინა შეიტანს შემოსავლების 50 პროცენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მინერალური რესურსების „მომავალი მონეტიზაციისგან“. საუბარია ასევე ნავთობსა და გაზზე.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, დოკუმენტში არ არის ნახსენები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა ჩართვასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა.