საკანონმდებლო ცვლილებით, "ოცნება" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აუქმებს, ერთპიროვნული მმართველი დირექტორი იქნება, რომელსაც მინისტრი დანიშნავს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება თეატრის მართვის ორსაფეხურიან მოდელს აუქმებს. თვითგამოცხადებულ და არალეგიტიმურ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის "პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონში. უქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა და თეატრს ერთპიროვნულად დირექტორი უხელმძღვანელებს. 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით, კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით.

"კანონპროექტის მიხედვით ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.

იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით. ამდენად, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალური თეატრების დირექტორებზე ექნება გარკვეული ფინანსური გავლენა, რაც დამოკიდებულია მათ მიერ ნების გამოვლენასა და შესაბამის თეატრში არსებულ საშტატო ერთეულების არსებობაზე"- აღნიშნულია კანონპროექტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი