ოლიგარქის მოძალადე რეჟიმის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს კითხვები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან - თუ რატომ არ მოხდა აქციის დარბევა "უფრო რბილი ფორმით".
"კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს", - თქვა არალეგიტიმურმა პრემიერმა.