პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიებას შესაწყვეტად ამზადებს | მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პროკურატურამ "საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე" დაწყებული ფორმალური გამოძიება შეიძლება შეწყვიტოს. ინფორმაციას "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს: 

"როგორც ჩემთვის ცნობილია (და მოსალოდნელიც იყო), პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს (მალე გაახმოვანებენ გადაწყვეტილებას). ნიადაგის შესამზადებლად დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, რომ თითქოს გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს. 
სინამდვილეში სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოუტანა „ოცნებას“ განაჩენი ოდირმა, რომელიც იმდენად გააოგნა ნანახმა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ენა შეცვალა და სავარაუდო დარღვევებს, ფაქტები უწოდა. სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები იყო ის, რასაც გვერდი ვერ აუარა ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებისას. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ ამ ე.წ. გამოძიების დაწყების მიზანი გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო. ამ პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ - ფაქტობრივად გაიტაცეს და გადამალეს სიები. 
მაგისტრატ მოსამართლესთან 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვყვებოდი არჩევნების სისტემური გაყალბების სქემას - რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ გაყალბებულა. დავტოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში ყველაფერს ვაქვეყნებდით და პროკურატურას ისედაც უნდა ემოქმედა. 

იქ დამხვდა პროკურატურა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ გაყალბებას კი არა, ცალკეული საარჩევნო დოკუმენტების სიყალბეს და ისიც ფორმალურად იძიებდა. არც ერთი კითხვა ეხებოდა ამომრჩევლის ნებაზე სახელმწიფოს სისტემურ ზემოქმედებას, საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტებას, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას და ა.შ. ყველა კითხვა რომელიც დაისვა, პირიქით, გამორიცხავდა ყველანაირ სისტემურ მიდგომას. 
ანუ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოძიება დაიწყო გამოძიების შეწყვეტისთვის. 

ამ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს. პროკურატურას კი ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების თანამონაწილედ." წერს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, ე.წ. გამოძიება პროკურატურამ "ოცნების" ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, გასული წლის 30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 4 დღეში დაიწყო.

15 იანვარს უწყებამ შუალედური შედეგი გამოაქვეყნა, რომლის შინაარსიდანაც ირკვეოდა, რომ ივანიშვილის პროკურატურა, გაყალბებას ვერ/არ ხედავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი