აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
„ეროვნული საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის 202(დ) მუხლის თანახმად (50 U.S.C. 1622(d)), მე ვაგრძელებ 13660 აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ერთი წლით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის მარტსა და დეკემბერში, ასევე 2018 წლის სექტემბერსა და 2022 წლის თებერვალში დაწესებულ სანქციებს აშშ-ის წინა პრეზიდენტების ბრძანებულებებით, კვლავ მოქმედებს.
აღმასრულებელი ბრძანება 13660 აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წლის 6 მარტს გამოსცა, ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ. ამის შემდეგ, ბრძანებას თეთრი სახლის ყველა ლიდერი, თითო წლით ახანგრძლივებს.