ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც. ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა [...]
დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება იმ პირების წინააღმდეგ საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამ ეტაპზე ერთსულოვნება ჯერ არ არსებობს, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული. "- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.