რატომ შეხვდა იტალიის ელჩი თბილისში, მაკა ბოჭორიშვილს? - ეს კითხვა იტალიელმა სენატორმა მარკო ლომბარდომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოში დაუსვა.
ლომბარდომ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, უწყვეტ პროტესტსა და არჩევნების სადაო შედეგებზე, აღნიშნა ევროპარლამენტის რეზოლუციაც და დასვა კითხვა - რა გზავნილია იტალიელი დიპლომატის შეხვედრა არალეგიტიმურ მინისტრთან, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც 90 დღეზე მეტია თბილისის ქუჩებში დგანან:
"საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხასიათდებოდა საგარეო ჩარევით, დარღვევებით და თაღლითობით. მათი დოკუმენტირება საერთაშორისო წამყვანმა დამკვირვებლებმა მოახდინეს. ქართული ოცნება მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას და ასე პასუხობს დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნას და ევროკავშირში გაწევრიანების უარის გაპროტესტებას. ამ წლის 3 თებერვალს, იტალიის ელჩი საქართველოში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივი თანამშრომლობის განხილვის მიზნით. 13 თებერვალს ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარდაჭერილი რეზოლუციით დაგმო ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედებები და მოუწოდა ძალადობრივი რეპრესიების შეწყვეტისკენ. ასევე გაიმეორა, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ მთავრობას. ევროპული სახელმწიფოები არ აღიარებენ და მხარს არ უჭერენ ქართული ოცნების მთავრობას. ბატონო მინისტრო, მინდა გკითხოთ, რატომ შეხვდა ჩვენი ელჩი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს? არ ფიქრობთ, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან დიალოგით რისკავთ შეასუსტოთ საერთო ევროპული ფრონტი? ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ბატონო მინისტრო, მაგრამ მთავარია, იტალიის შესახებ რა წარმოდგენას ქმნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც 92 დღეა ქუჩებში დგანან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით და ითხოვენ დამოუკიდებლობას და ევროკავშირში გაწევრიანებას." მიმართა სენატორმა მარკო ლომბარდომ მინისტრს. [ფორმულა]
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ სენატორის პასუხად აღნიშნა, რომ დიალოგის არხების გახსნა საჭიროა, თუნდაც კრიტიკისთვის.