ოკუპირებულ აფხაზეთში, "საარჩევნო უბანზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა | არიან დაჭრილები

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელ მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრის რაიონში, დაბა განთიადში მდებარე მე-2 სკოლაში, სადაც "საარჩევნო უბანია" გახსნილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს მილიციამ მიუსერას საგუშაგო გადაკეტა. თავდამსხმელები შეჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

სროლის შემდეგ ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  თავდასხმაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ „საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის მიზნით, დააზიანეს საარჩევნო ყუთი და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან“, - ნათქვამია  განცხადებაში.

მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.

ტელეგრამ არხ RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა ერთ-ერთ უბანზე რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც ადგურ არძინბას მომხრეები დაიჭრნენ“. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, რომლებსაც ასევე აქვთ "აფხაზეთის მოქალაქეობა"- მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.

"თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს. რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივად გამოავლინეს ეჭვმიტანილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაწილეს დასაკავებლად... იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირ. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება", - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ნათესავია.

შეგახსენებთ, 1-ელ მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი