ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საკონსტიტუციოს 7 მოსამართლეს, პროკურორებსა და პოლიციელებს, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის საქმეზე | საგარეო

გამოქვეყნდა:

კიდევ 74 ქართველი თანამდებობის პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევასა და ქართველი ხალხის რეპრესიებზე, ექვემდებარება სამგზავრო აკრძალვას ლიეტუვაში  - ახალი სავიზო სანქციების შესახებ ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით:

"შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის, ვინც ცრუ ჩვენება მისცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და შეუწყო ხელი მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა ხელისუფლების არასათანადო ქმედებებთან დაკავშირებით და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომლებიც 100 დღეზე მეტია აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სისტემურ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს. 

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ და დაიწყეს ფართომასშტაბიანი დარბევა მომიტინგეების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ." ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ დღეს სავიზო სანქციების სია გააფართოვა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასანქცირებულ პირთა სიაც გამოაქვეყნა.

ამ ეტაპზე უცნობია ვის აუკრძალა ქვეყანაში შესვლა ლატვიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი