მარნეულში მომხდარი ინციდენტის ფაქტს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო "ნაცმოძრაობის" უმძიმესი პროვოკაციის შედეგი.
წელს ნაციონალებს ახალი სტილი აქვთ პროვოკაციების - აორგანიზებენ ყველაფერს ჩვენი შტაბის წინ. იქიდან გამომდინარე, რომ ამირან გიორგაძე არის შტაბის უფროსი, ადგილზე იმყოფებოდა და ჩხუბის დროს გამოვიდა გარეთ, ის არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, - ამბობს ზაურ დარგალი.
აქვე, მარნეულის ინციდენტის მთავარი ფიგურანტი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ინციდენტისას დაზარალებულები და ოპოზიციის წევრები კი ითხოვენ, რომ გიორგაძე სასწრაფოდ დაიბარონ შესაბამის უწყებაში, რადგან სწორედ ის გასცემდა თავდასხმის ბრძანებებს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დღეს დააკავა.