Reuters: თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების შესამსუბუქებლად შესაძლო გეგმას განიხილავს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების შესამსუბუქებლად შესაძლო გეგმას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრმა სახლმა აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებს სთხოვა შეადგინონ სანქციების სია, რომლებიც შეიძლება შემსუბუქდეს, რათა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში განიხილონ, როგორც ადმინისტრაციის ფართო მოლაპარაკებების ნაწილი მოსკოვთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.

წყაროების ცნობით, ახლა, სანქციების ოფისები ამზადებენ წინადადებას სანქციების მოხსნის შესახებ შერჩეულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ზოგიერთ რუს ოლიგარქზე. 

მანამდე, 26 თებერვალს, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის სანქციები შესაძლოა "რაღაც მომენტში" შემსუბუქდეს.

აშშ-ის სანქციები რუსეთისთვის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის მარტში დაწესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. სანქციები, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოიცავდა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის უზარმაზარი ნავთობისა და გაზის მრეწველობის შემოსავლების შეზღუდვას და ომის დაფინანსების შესაძლებლობის შესუსტებას.

იურიდიული ფირმის Morrison Foerster-ის პარტნიორმა და სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონ სმიტმა განაცხადა, რომ ტრამპს შეუძლია გამოსცეს აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც საშუალებას მისცემს ადმინისტრაციას დაიწყოს რუსული სანქციების შემსუბუქების პროცესი, მაგრამ მას ასევე დასჭირდება კონგრესის თანხმობა გარკვეული სუბიექტების მიმართ ზომების გასაუქმებლად.

გამოცემა წერს, რომ თეთრმა სახლმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, საფინანსო დეპარტამენტმა და რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი