
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეიარაღებული ფორმირებები თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ საქართველოს გავლით გადაადგილდებიან, სიცრუეა. მან გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.
კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას, - თქვა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოებას ან რეგიონის სტაბილურობას, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დაექვემდებარება.