საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ განიხილეს 11 მარტს, სამხედრო წარმომადგენლების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა.
11 მარტს, პარიზში, ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია გამოცემა AFP-მ პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ზელენსკიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
"ჩვენ განვიხილეთ 11 მარტისთვის მომზადებული შეხვედრა იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების დონეზე, რომლებიც მზად არიან მეტი ძალისხმევა გაწიონ ამ ომის დასრულების ფარგლებში უსაფრთხოების საიმედო გარანტირებისთვის. შევაჯერეთ პოზიციები და შემდგომი ნაბიჯები.
ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო საერთო ხედვა, რომ რეალური და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობის საფუძველზე. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს." წერს ზელენსკი.
ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში შედგა.