რუსეთმა გამთენიისას სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი:
„დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. შენობის ნანგრევებიდან ქალი გამოიყვანეს, ის ცოცხალია და ამჟამად ექიმები უტარებენ გამოკვლევას. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. ასევე დაზიანდა მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსი. ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს“, - დაწერა ტერეხოვმა.
სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით კი, 65 წლის ქალი და 61 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს ცნობით კი, 7 მარტის ღამეს მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა იყო უკრაინის ენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურაზე დაზიანდა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ობიექტები. მინისტრის ცნობით, თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის განადგურებას ისახავს მიზნად.