უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ინფორმაცია სუმის რეგიონში რუსების მიერ უკრაინის საზღვრის მასიური გარღვევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო კურსკის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება, ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ ის უკრაინის სარდლობის კონტროლს ექვემდებარება, რუსული სპეცრაზმი კი დიდ დანაკარგს განიცდის.
"ინფორმაცია რუსული შენაერთების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მასიური გარღვევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სუმის რეგიონის ნოვენკოესა და ჟურავკას დასახლებების რაიონებში მტერი კვლავ მოქმედებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ძალებით და რამდენიმეკაციანი მცირე ქვეითი ჯგუფებით. ისინი ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლას. მტრის დივერსიული და თავდასხმის ჯგუფები გადაადგილდებოდნენ გაზსადენის მიდამოებშიც...ამჟამად მიმდინარეობს რუსული სპეცრაზმის იდენტიფიცირება, ბლოკირება და განადგურება. სუჯაში მტრის დანაკარგები ძალიან დიდია“ აცხადებს გენშტაბი.
მათივე ცნობით, მტრის ყველაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები განხორციელდა კორენევოს დასახლებიდან სუჯას მიმართულებით, ასევე ნოვოივანოვკას, მალაია ლოკნიასა და ქალაქ სუჯას სამხრეთით. გენშტაბი აცხადებს, რომ თავდასხმებში მონაწილეობდნენ საზღვაო ქვეითები, საჰაერო-სადესანტო ჯარები, კადიროველები "ახმატის" ბატალიონიდან და ჩრდილო კორეელი დაქირავებულები.