"მზებუდობა" და "ბილიკები" | ბელგია ქართველი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

გამოქვეყნდა:

ბელგიაში, ქალაქ გენტის ისტორიულ უბანში, სასამართლოს საუკუნოვანი შენობა ქართველი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 7 მარტს გაიხსნა და ერთი კვირა გაგრძელდება.

როგორც გამოფენის ორგანიზატორი მადონა ბერიძე ამბობს, ქართველი მხატვრების გამოფენების მოწყობის იდეა გენტის ხელოვანთა კავშირის შეკრებებზე დაებადა. თავადაც 18 წლიანი ემიგრანტობის ისტორიის მქონე მიიჩნევს, რომ ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ხელი უნდა შეუწყონ სამშობლოს ევროპასთან დაახლოებას და ერთიანობას, ამის საშუალებას კი ყველაზე მეტად ხელოვნება იძლევა.

"თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი სამშობლოს ელჩია, აქ არ ვარ მარტო მადონა ბერიძე. აქ მე ქართველი ადამიანის მაგალითი ვარ. ჩემი სიტყვით და საქციელით შთაბეჭდილებას ვუქმნი არამარტო ჩემს პიროვნებაზე, არამედ ქართველზე. ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ საქართველო უკვე რუსეთი არ ჰგონიათ ბელგიელებს. კულტურული ღონისძიებები აუცილებელია ადამიანების გაერთიანებისათვის. ხელოვნებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია სასიკეთოდ. ქართველებს უნიჭიერესი ხელოვანი ადამიანები გვყავს და მათ უნდა იცნობდეს მსოფლიო და თითოეული ჩვენთაგანი უნდა უწყობდეს ამ პროცესს ხელს, ჩვენი შვილების და ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის." - ამბობს მადონა ბერიძე.

თავისი ორიგინალური ნამუშევრებით ბელგიას მესამედ სტუმრობს მხატვარი ელენე ფიფია. მისი გამორჩეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები დამთვალიერებლების აღფრთოვანებას იწვევს.

"ნამუშევრები რომლებიც გამოფენილია გენტში შესრულებულია ქსოვილებით და  ძაფებით, ტექნიკურად ფერწერის პრინციპით სრულდება. ჟანრობრივად არ ვარ შეზღუდული, ამ ბოლო დროს საყვარელ ჟანრად რჩება პორტრეტი. ჩემი მეგობრის მადონა ბერიძის ინიციატივითა და დახმარებით (დიდი მადლობა მას ამისთვის) ზედიზედ 3 წელია ბელგიას ვსტუმრობ," - ამბობს ელენე ფიფია.

ბელგიას თავისი ნახატებით პირველად სტუმრობს თვითნასწავლი მხატვარი, პროფესიით ჟურნალისტი ნინო ზედგენიძე.

ნინო ზედგენიძის გამოფენის მთავარი თემა მზეა. "მზებუდობა" ამ სახელის ქვეშაა გაერთიანებული სიურეალისტურ ჟანრში შესრულებული 13 ნახატი. ნაწილი მათგანი უკრაინის ომის თემასაც ეხება. 

"ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა არ გამომივიდა პროფესიონალურ დონეზე რომ მესწავლა. ახლა პროფესიით ჟურნალისტი ვარ, "მთავარ არხზე" ვმუშაობ, თუმცა ხატვა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილად რჩებოდა.   ყველასთვის ცნობილია რა მძიმე ვითარებაშია საქართველოში კრიტიკული მედია და კრიტიკული აზრი საერთოდ. ამ მორალურად და მატერიალურად მძიმე პერიოდში ერთგვარ შვებად გამოჩნდა ეს გამოფენა. ბელგიაში ჩემი მეგობრის, თამუნა ინაშვილის მოწვევით ჩამოვედი, რომელიც უკვე ბევრი წელია აქ ცხოვრობს. ოცნების ახდენისთვის სწორედ თამუნას და მადონას მადლიერი ვარ." - ამბობს ნინო ზედგენიძე.

ქართველი მხატვრების ნამუშევრები გენტში 13 მარტის ჩათვლით იქნება გამოფენილი. გამოფენაზე შესვლა თავისუფალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი