"სოლიდარობა თავისუფალ მედიებს! არალეგიტიმურმა ერთპარტიულმა პარლამენტმა დააანონსა არსებული თავისუფალი და კრიტიკული მედიების დახურვა ფინანსური მოგუდვის გზით. ვერც ფიზიკური ძალადობით, ვერც დაჭერებით და ვერც ჯარიმებით ვერ შეგაშინათ. ამიტომ ნებისმიერი გზით ცდილობენ თქვენს გაწამებას. მადლობა, რომ აშუქებთ სიმართლეს, მადლობა, რომ ამხელთ მექრთამეებს, ამხელთ მონა მოსამართლეებს, პროკურორებს და კორუფციულ გარიგებებში მყოფ შსს-ს მაღალჩინოსნებს, მადლობა, რომ ხალხის სამსახურში ხართ.
მივმართავ საზოგადოებას! ჩვენ ვებრძვით სისტემას, რომელმაც გამოგვიცხადა ომი, ომი გამოუცხადა დემოკრატიას თავისუფლებას და თანასწორობას. სამაგიეროდ კი გვთავაზობს ავტოკრატიულ დიქტატურას და საერთაშორისო იზოლაციას საბოლოოდ, რომელიც აუცილებლად ჩააგდებს საქართველოს უფსკრულში, საიდანაც ბებია-ბაბუების, დედების და მამების თაობების სისხლისა და სიცოცხლის ფასად ამოვძვერით.
თუმცა, იმ თაობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათმა შთამომავლობამ, ორჯონიკიძეებმა დღეს აირჩია ფული და მონობა. ჩვენ ვირჩევთ დემოკრატიას და თავისუფლებას. 3 თვეზე მეტი თქვენ იბრძვით საქართველოსთვის. ყველას გვესმის და ვიზიარებთ იმას, რომ ბრძოლა დანაკარგის გარეშე შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ებრძვი ავტოკრატიულ რუს ივანიშვილს. ზოგს დააჯარიმებენ, ზოგს ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან, ზოგს კი სატუსაღოში გამოკეტავენ. მზად უნდა ვიყოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის, თუ ეს ეხება საქართველოს, ვინაიდან ამ ბრძოლის ყველაზე დიდი დანაკარგი არის სამშობლო. ამის იქით დასაკარგი არაფერი გვაქვს."
- წერს წერილში რეჟიმის ტყვე, არჩილ მუსელიანცი.