ლუკაშენკო ოცნების ნაბიჯებს "ძალიან მაღალ შეფასებას" აძლევს და ამბობს, რომ "საქართველოსთან არავითარი პრობლემები არ არის".
ბელარუსის პრეზიდენტმა "ოცნების" სტილის პროპაგანდისტული განცხადება "სუვერენიტეტსა" და "სახელმწიფოებრიობის დაცვაზე", საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის მიერ, რწმუნებათა სიგელების გადაცემისას გააკეთა:
"ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ის ჩვენს მიდგომებს შეესატყვისება...
ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იყო და რჩება. საქართველოსთან არავითარი პრობლემები არ არის" - ამბობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი.
ელჩმა საგანელიძემ კი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა:
„ჩვენ გვესმის, რომ რთული დროა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება...ასეთი სურვილი აქვს როგორც ბელარუსის, ასევე საქართველოს ხელმძღვანელობას." - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ ივანიშვილის დანიშნულ ყაველაშვილს "საქართველოს პრეზიდენტად არჩევა" მიულოცა. საპასუხო მილოცვა ლუკაშენკომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყაველაშვილისგანაც მიიღო.
ცნობისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. ის 2022 წლის 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მაშინდელ ე.წ.პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.