"უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, სცემდა" | სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აჯამებდა. დარბაზში მონიტორზე მტკიცებულებათა ნაწილიც აჩვენეს, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.

როგორც პროკურორმა სხდომაზე თქვა, აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას მტკიცებულებების გარდა ისიც მოწმობს, რომ ქალს 28 დაზიანება აღენიშნებოდა.

გარდა ამისა, სხდომაზე მოწმეთა ჩვენებები გახდა ცნობილი - ისინი ამბობენ, რომ ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად სცემდა. გარდა ამისა, მოწმეები ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ქალს აკონტროლებდა.

"[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები", - წერია მოწმის ჩვენებაში, რომელიც პროკურორმა წაიკითხა. 

სხდომაზე ასევე, ჯაიანის ჩვენება გასაჯაროვდა:

"ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით...

მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა. აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე", - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.

სხდომას ბექა ჯაიანის მშობლები ესწრებოდნენ, რაც შეეხება ბრალდებულს ის პროცესს არ დასწრებია. შემდეგი პროცესი 27 მარტს გაიმართება.  

შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 წლის ჯაიანს სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 20 სექტემბერს შეუფარდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი