ბექა ჯაიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა | გასაჯაროვდა ჩანაწერი, სადაც კესარია აბრამიძე მუქარაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჯაიანი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული ჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.  ირკვევა რომ ჯაიანს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. დანა, რომლითაც მან პარტნიორ ქალს 28 ჭრილობა მიაყენა რამდენიმე საათით ადრე შეიძინა და მსხვერპლი შეხვედრაზე მოტყუებით დაითანხმა. 

მოკლულის მეგობარმა, თამუნა მუსერიძემ კი დღეს გაასაჯაროვა ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც აპრილისაა და სადაც კესარია აბრამიძე თავად ყვება, როგორ ემუქრებოდა ჯაიანი:

"ერთი თვეა დაშორებულები ვართ, მაგრამ ეს ერთი თვე სულ მივარდებოდა სახლში და უარესებს აკეთებდა. წამოსული რომ ვარ, მაინც მიდის სახლში რა და მაინც არ მანებებს თავს, რომ ჩამოდი ჩამოდი მანიპულირებს, მენატრები ამბები. 

მერე თავის ძმაკაცმა მითხრა, მაგიტომ გიბარებს, რომ იძახის დავბრიდავ და თავსაც მოვიკლავო, ეხლა მაგას ესე ვუყურო ვერ ავიტანო. 

სულ მეუბნებოდა ისე, თუ დაგშორდებიო დაგბრიდო მირჩევნიაო, იმიტომ რომ ჩემს მერე სხვასთან წახვიდე მაგას ვერ ავიტანო. 

ნუ ეგეთი ტიპია რა, ავადმყოფი. აი გამწარებული რომ დავშორდი. და რომ დავშორდი, ვითომ წამლები დალია და თავს იკლავდა, ოღონდ ვითომ კამერით დამანახა და თვითონვე მივიდა საავადმყოფოში ამოსარეცხად. ხო და აი ესეთი მანიპულატორი ტიპია. რომ ჩამოვიდა, უეჭველი ვიცი მაინც მომადგება, ან თბილისში გადამეყრება უეჭველი და რაღაც ** მოხდება და ნუ რა ვქნა არ ვიცი, დაჭერაც არ მინდა და რა გავაკეთო" ისმის ჩანაწერში კესარია აბრამიძის ხმა. 

ჯაიანის წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი