"კოალიცია ცვლილებისთვის" დღეს "საჯარო მოხელეების მხარდასაჭერი ხედვა" წარადგინა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: რას ვაკეთებთ რეჟიმის ცვლილებამდე და რას -რეჟიმის ცვლილების შემდეგ:
პირველი ნაწილი შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი ეხება დასაქმებაში ხელშეწყობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ, დასაქმება არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ამიტომ ავიღეთ ჩვენი ხედვის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მათ დასაქმებას. დასაქმების მიმართულებით არის ორი კომპონენტი - ერთი არის ბიზნესის მიმართულება, ხოლო მეორე საერთაშორისო ფონდები.
ამ ქვეყანაში, საბედნიეროდ, არის თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 2 000-ზე მეტ ბიზნესს. ჩვენ შევისწავლეთ ამ ბიზნესის დასაქმების ბაზარი და ეს არის დაახლოებით 113 000-იანი დასაქმების ბაზარი...
26 ოქტომბრის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებულია 1 000 - ზე მეტი საჯარო მოხელე, ამიტომ დღეის მონაცემებით რეპრესირებული საჯარო მოხელეების ნაწილი შესაძლოა დასაქმებული იყოს იმ სხვადასხვა ბიზნესის მეშვეობით, რომლებმაც კარგად იციან თავისუფლების ფასი, რომელიც არ ემორჩილება რუსულ რეჟიმს...
ამისთვის გვაქვს რამდენიმე პრაქტიკული მოდელი: ერთი მხრივ, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაკეთდეს მონაცემთა ბაზა, სამსახურიდან გაშვებული საჯარო მოხელეების აღრიცხვა მოხდეს მათი პროფესიული ნიშნის მიხედვით, სადაც დამსაქმებელი დაინახავს პირდაპირ რა ტიპის ცოდნის, რა ტიპის კომპეტენციის, რა ტიპის გამოცდილების მქონე კადრთან შეიძლება ჰქონდეს საქმე....
მეორე არის საერთაშორისო ფონდები. საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ გაყალბებული, მოპარული არჩევნების შემდეგ და ასევე მას შემდეგ, რაც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ აღარ მივცემთ ფულს დე ფაქტო ხელისუფლებას, ანუ ხელისუფლების უზურპატორს, მაგრამ დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი არიან სწორედ საჯარო მოხელეები, ამიტომ ასევე გვჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ფონდებთან სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გარკვეული ნაწილი საჯარო მოხელეებისა დასაქმდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია," - განაცხადა ხედვის პრეზენტაციაზე კოალიციის წევრმა, გიგა ლემონჯავამ.
დასაქმების გარდა, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა იმ ადამიანების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი რაც შეიძლება გაკეთდეს არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმების ამოქმედება ამ ადამიანების წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად სავიზო შეზღუდვები, ანუ გადაადგილების შეზღუდვა ასეთი ადამიანებისთვის, მაგალითად შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ 107 საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მიიღო სანქციები. ახლა არის საუბარი ამ სანქციების ევროპის სხვა ქვეყნების მიერ გაზიარებაზე, რაც ჩემი აზრით კარგი პრეცედენტი იქნება...
მეორე მხრივ, ჩემი აზრით, აუცილებელია რომ არსებობდეს გარკვეული გამოვლენის და საჯარო წნეხის კამპანიები ამ ადამიანებზე. იმიტომ, რომ როგორც გითხარით მათი იმედი ეფუძნება იმას, რომ მათ სახელებს და გვარებს ვერასდროს ვერავინ გაიგებს. ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათი სახელები და გვარები, მათი ფოტოები გახდეს საჯარო ფართო საზოგადოებისთვის და ეს კიდევ დამატებითი საზოგადოებრივი წნეხი იყოს ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ მათ უდარდელად ვერ გააგრძელონ თავისი ბოროტმოქმედების განხორციელება," - განაცხადა ლემონჯავამ.
ლემონჯავას განცხადებით, "საჯარო მოხელეების მხარდასაჭერი ხედვა" ასევე ითვალისწინებს რეჟიმის ცვლილების შემდეგ რეპრესირებული საჯარო მოხელეების სამსახურში აღდგენას და მათთვის იმდენი თვის კომპენსაციის გადახდას, რამდენი თვეც იქნება გასული რეჟიმის ცვლილების მომენტამდე.
ასევე, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა წარადგინა კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ახალი სახელმწიფო აპარატის შექმნას.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ნორმალური სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირების გარანტია კოალიციური მმართველობაა, ამის მიღმა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც და სამართლიანი სასამართლოც, რადგან ამის გარეშე ვერცერთ საჯარო მოხელეს ვერ ექნება გარანტია, რომ მისი უფლებები იქნება დაცული.