ODIHR: ნიღბებით სახის დაფარვის აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს, ან გადაიხედოს ჯარიმების ოდენობა

გამოქვეყნდა:

მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს, ან მთლიანად გადაიხედოს - უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ ცვლილებებს ეხება.

6 მარტით დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რამდენიმე ცვლილება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რადგან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის, კერძოდ, გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 21-ე მუხლთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-11 მუხლთან.

„ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრების დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დროებითი სტრუქტურების აღმართვისა და სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის აკრძალვა, ასევე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არაპროპორციული სასჯელი თავისთავად შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისთვის. შეკრებების აკრძალვის სხვა შემოთავაზებული საფუძვლები უნდა გადაიხედოს ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ შეიზღუდოს, რათა ისინი უფრო მკაფიოდ განისაზღვროს, მათ შორის, პროპორციულად, რათა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობაზე არაპროპორციული გავლენა არ მოხდეს. ამასთან, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული დაკავების დებულება, როგორც სანქცია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, როგორც ეს ცვლილებებით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევებთან“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ოდირი ცვლილებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

„ა. ტერმინი „ორგანიზატორის“ განმარტების შესახებ: 1. დაზუსტდეს და უფრო მკაცრად განისაზღვროს ორგანიზატორის“ განმარტება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ასევე, კანონის გადახედვისას აღინიშნოს, რომ ყველა შეკრებას ან დემონსტრაციას არ შეიძლება იდენტიფიცირებული „ორგანიზატორები“ ან „პასუხისმგებელი პირები“ ჰყავდეს. 2. გაათავისუფლოს „ორგანიზატორები“ ან „პასუხისმგებელი პირები“ ხელისუფლებისთვის დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულებისგან, როგორიცაა სამედიცინო დახმარების გაწევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, მოძრაობის კონტროლი ან დანაშაულის პრევენცია.

ბ. გააუქმოს შეტყობინების მოთხოვნა სპონტანური შეკრების შესახებ, ან თუნდაც შემოიღოს სპონტანური შეკრების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ან პოლიციის ინფორმირების ვარიანტი. ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მხოლოდ შეუსრულებლობა არ გამოიწვევს რაიმე სახის სანქციების დაწესებას და არ იქნება საფუძველი მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად ან ძალის გამოყენების გასამართლებლად.

გ. მდებარეობის შეზღუდვების შესახებ: 1. მოიხსნას დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრებების ჩატარების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, როდესაც ეს სივრცეები/შენობები სათანადოა შეკრებებისთვის და ჩვეულებრივ ღიაა საზოგადოებისთვის. 2. უფრო ვიწროდ განისაზღვროს შეკრებების აკრძალვის საფუძველი კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით და გარკვეულ ადგილებში შეკრებების შეზღუდვის ზოგიერთი საფუძველი გადაიხედოს.

დ. შეკრებების მეთოდებისა და წესების შეზღუდვების შესახებ: 1. მთლიანად გადაიხედოს დროებითი სტრუქტურების [ბარიკადის] აღმართვის აკრძალვა და ამის ნაცვლად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება. 2. უზრუნველყოფილი იყოს, რომ შეკრება შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მხოლოდ მაშინ დაიშალოს, როდესაც შეკრება აღარ არის მშვიდობიანი ან ძალადობის გარდაუვალი საფრთხის მტკიცებულება არსებობს. 3. მთლიანად გადაიხედოს სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის ზოგადი აკრძალვა, სანაცვლოდ, დაკონკრეტდეს კონკრეტული გარემოებები.

ე. მთლიანად მოხდეს ამოღება მე-9(6) და მე-14(1) მუხლებიდან შეკრებების აკრძალვის, რომლებიც მტკიცების თანახმად, ხელს უწყობს „კავშირს არცერთ ბიოლოგიურ სქესთან, კავშირს ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ გენდერთან, სექსუალურ კავშირს ერთი ბიოლოგიური სქესის პირებს შორის ან ინცესტს“, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ვ. ჯარიმებისა და სანქციების შესახებ: 1. გაუქმდეს ცვლილებებით დაწესებული სასჯელი ადმინისტრაციული დაკავების სახით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში; 2. გადაიხედოს და არსებითად შემცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, 3. გადაიხედოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209-ე მუხლი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული პატიმრობისა და მაღალი დონის ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესების გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო მიიღებს“, - ნათქვამია დასკვნაში. 

ამასთან, ოდირი განმარტავს, რომ „აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს 2025 წლის 3 თებერვალს წარედგინა, მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით 2025 წლის 6 თებერვალს და პარლამენტის მიერ ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნდა, ყოველგვარი ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე. ცვლილებები მთელ რიგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შესახებ, მკაცრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სასჯელებს, მათ შორის, ხანგრძლივ პატიმრობასა და მნიშვნელოვნად გაზრდილ ჯარიმებს. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობაზე მიღებული ცვლილებების მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით ოდირი მათი გადახედვის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნას მიესალმება“. [IPN]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი