შაბათს ბელგრადში სულ მცირე 107 000 ადამიანი გამოვიდა - იტყობინება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. სხვა მონაცემებით კი ქალაქის ქუჩებში პროტესტის მონაწილეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია.
უცხოური მედიის ცნობით, სერბეთის დედაქალაქში 15 მარტს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.
ბელგრადის ცენტრში მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მთავრობის გადადგომა.
ყოველდღიური აქციები სერბეთში გასული წლის ნოემბრის შემდეგ იმართება. პროტესტის მიზეზი რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა გახდა. მოსახლეობა ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას პირადად პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს აკისრებს. სერბები თვლიან, რომ მომხდარი ტრაგედია ვუჩიჩის პარტიის პოლიტიკისა და მმართველობის შედეგია.
მასშტაბური პროტესტის შედეგად, იანვარში გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერმინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა, თუმცა მისი განცხადება ჯერ კიდევ არაა რატიფიცირებული ეროვნული ასამბლეის მხრიდან, შესაბამისად, ის ამ დრომდე პოსტზე რჩება.
რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევისთვის სერბეთის პროკურატურამ სულ მცირე 13 ადამიანს წაუყენა ბრალი.