შეერთებულმა შტატებმა იემენელ "ჰუთებზე" "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და მიზეზად "ჰუთი მეამბოხეების" მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები დაასახელა.
ტრამპის განცხადებით, "ჰუთი მეამბოხეები" თავს ესხმოდნენ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რაც მილიონობით დოლარი დაჯდა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ტრამპმა სოციალურ ქსელში "ჰუთებს" მიმართა, რომ თუ არ შეჩერდებიან "ისეთი ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს, რაც აქამდე არ უნახავთ". ასევე, მან ირანს მოუწოდა შეწყვიტოს "ჰუთების" მხარდაჭერა.
შაბათს საღამოს აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქ სანაში და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში. "ჰუთების" ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.
"ჰუთებმა" აგრესიაში აშშ და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულეს. BBC-ი წერს, რომ შაბათის თავდასხმებში დიდ ბრიტანეთს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აშშ-ს რეგულარული საწვავით გამოუცხადა მხარდაჭერა.
"აშშ-ის მთავრობის საქმე არ არის და არ აქვს უფლებამოსილება, რომ ირანს საგარეო პოლიტიკა უკარნახოს. დაასრულეთ ისრაელის გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. შეაჩერეთ იემენელი ხალხის მკვლელობა," - დაწერა სოციალურ ქსელში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
"ჰუთებმა" განაცხადეს, რომ ისინი აშშ-ის დარტყმებს აუცილებლად უპასუხებენ - "ეს აგრესია უპასუხოდ არ დარჩება და ჩვენი იემენის შეიარაღებული ძალები მზად არიან უპასუხონ ესკალაციას შემდგომი ესკალაციით".
შეგახსენებთ, რომ იემენელმა "ჰუთებმა" ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა 2023 წლის ნოემბერში დაიწყეს. აშშ-ის კონგრესის მიხედვით, "ჰუთებმა" 2024 წლის ოქტომბრამდე, წითელ ზღვაზე 190 თავდასხმა განახორციელეს.
მათი თქმით, ისინი, პალესტინის სოლიდარობის ნიშნად, ისრაელისკენ მიმავალ კომერციულ გემებს ესხმიან თავს. "ჰუთების" თავდასხმებმა შეაფერხა გლობალური გადაზიდვები და კომპანიები აიძულა მარშრუტი შეეცვალათ, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზიანი.