"ლელო -ძლიერი საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, როლანდ შავაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. როგორც შავაძე ამბობს მინისტრის ბრძანებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ ოფიცერი, რომელიც სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. შავაძის თქმით, სინამდვილეში მიზანი მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კონტროლია.
"განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი - ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.
რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა.
ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური" მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების" პროპაგანდის გასავრცელებლად". განაცხადა შავაძემ.