ადვოკატის ინფორმაციით, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან გაყვანილია ამავე საქმეზე დაპატიმრებული მეორე პირი, საბა მეფარიშვილი, თუმცა, უცნობია, სად იმყოფება ის.
ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახური არ გასცემს ინფორმაციას, რატომ გადაიყვანეს ოკრიბელაშვილი იძულების წესით რუსთავის ციხეში. მისივე თქმით, რუსთავის ციხეში მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდება.
20 იანვარს ოლიგარქის მოსამართლე ნინო გუდაძემ მარტის აქციების დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დამნაშავეებად სცნო და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.