ივანიშვილის რეჟიმთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ უსამართლობაზე | ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრობაში" უპრეცედენტოდ ჯალათურ და  რეპრესიულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე სალომე ზურაბიშვილიც პასუხისმგებელია, რადგან შეწყალების შემთხვევაში,  დღეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა:

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი  და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპისდროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.

და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები - „ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 4,5 წელი მიუსაჯა. მოსამართლე ჯინჯოლიამ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი და განაჩენს 12 მარტის გადაწყვეტილებაც დაუმატა  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯამში ოლიგარქის სასამართლომ მესამე პრეზიდენტს დღეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი