ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასზე" თავდასხმები განაახლა. ისრაელის პრემიერმინისტრმა თავდასხმების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც განმეორებით უარი მიიღო ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.
ისრაელის სამხედრო ჟურნალისტებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ IDF-მა "ჰამასზე" ათობით დარტყმა განახორციელა ათეულობით თვითმფრინავის გამოყენებით, მას შემდეგ რაც ორშაბათს, ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა ოპერაციის განახლებას.
"ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს გადაუმოწმებელი მონაცემებით თავდასხმას მინიმუმ 232 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის "ჰამასის" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჰმუდ აბუ ვატფა.
აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
თავდასხმის შემდეგ "ჰამასმა" შუამავლებს, აშშ-ს, კატარს და ეგვიპტეს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს დააკისრონ.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი წინ მიიწევს, "ჰამასის" წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს და დასძინა, რომ ოპერაცია გამიზნულია ისრაელის ომის მიზნების მისაღწევად - "ჰამასის" სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების დასაშლელად და დარჩენილი 59 მძევლის დასაბრუნებლად.
სამშაბათს, "ჰამასის" ლიდერმა ეზატ ალ-რიშკმა განაცხადა, რომ ახალი საჰაერო თავდასხმები ანკლავში დარჩენილი ისრაელელი მძევლებისთვის "სასიკვდილო განაჩენი" იყო.
მთლიანობაში, 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცეს. ღაზაში დარჩენილი თითქმის 60 მძევლიდან, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია ცოცხალი.
სამშაბათის მდგომარეობით, ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 48 500-ზე მეტი და დაიჭრა 112 000-ზე მეტი ადამიანი.