ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული | საია

გამოქვეყნდა:

საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული, მათ ნაწილს სამართლებრივ დახმარებას, სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია უწევს.

საიაში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

"საჯარო სექტორში მიმდინარე რეპრესიების ფონზე, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი. საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.

შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი - გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამგვარად თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია." აცხადებს საია. 

რეორგანიზაციის გარდა, უწყებიდან საჯარო მოხელეები „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის  ბრძანებაში შესული ცვლილებების საფუძველზეც გათავისუფლდნენ. ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი და დადგენილ ზღვარს მიღწევა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია. ზღვრული ასაკის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილი გარანტიები ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებულ პირს აძლევდეს შესაძლებლობას თავისი ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილი იყოს მისი სოციალური კეთილდღეობა." აცხადებს საია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და პოლიტიკური ნიშნით რეპრესიაა საჯარო მოხელეების მიმართ. მათივე შეფასებით, პროცესი უსამართლო და გაუმჭვირვალეა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი