ისრაელის მიზნები უცვლელი რჩება: ყველა ჩვენი მძევლის - ცოცხალის და დაღუპულის - გათავისუფლება, ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების ჩამოშლა და ღაზადან მომდინარე ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრა - აცხადებს ისრაელის საელჩო საქართველოში და მძევლების გათავისუფლებისა და ჰამასის ტერორისტული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული მცდელობების შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ ბოლო დღეებში ისრაელმა განაახლა მიზანმიმართული დარტყმები ჰამასის ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ღაზაში და, ამასთან, ყველა ზომას იღებდა, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო შეერთებულ შტატებთან და ასახავს მიმდინარე საფრთხის საერთო შეფასებას.
"თითქმის სამი კვირის წინ, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ პერიოდში ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ უარი თქვა მოლაპარაკებებში პროგრესზე და უარყო ორი ამერიკული შემოთავაზება გაახანგრძლივოს შეთანხმება და გაათავისუფლოს დამატებითი მძევლები.
ამჟამად, ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება 59 მძევალი - ცოცხალიც და გარდაცვლილიც - და მათი დაბრუნების დაუღალავი მცდელობები გრძელდება. ისრაელის სახელმწიფოს მორალური და ფუნდამენტური ვალდებულებაა, ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, სახლში დააბრუნოს. ახლახან გათავისუფლებული მძევლების ჩვენებები დარწმუნებით ადასტურებს, რომ ჰამასის მიერ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი პირები იმყოფებიან სასტიკ და არაადამიანურ პირობებში, მათ შორის განიცდიან შიმშილსა და მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
ჰამასმა არა მხოლოდ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ გამოიყენა იგი სამხედრო შესაძლებლობების აქტიურად აღსადგენად იარაღის მარაგების შევსებით, რაკეტების გაშვების ადგილების აღდგენითა და ღაზას ზონაში ოპერატიულების დაკომპლექტებით. გარდა ამისა, ჰამასი აგროვებს დიდი რაოდენობით ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარ საწყობებში, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა ტანჯვასა და გაჭირვებას განიცდის.
ბოლო დღეებში ისრაელმა განაახლა მიზანმიმართული დარტყმები ჰამასის ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ღაზაში, ამასთან, ყველა ზომას იღებდა, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო შეერთებულ შტატებთან და ასახავს მიმდინარე საფრთხის საერთო შეფასებას.
მთელი ამ ომის განმავლობაში - რომელიც ჰამასის 7 ოქტომბრის ბარბაროსულ თავდასხმას მოჰყვა - ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ცრუ და არასანდო ინფორმაციის გავრცელებას მსხვერპლის შესახებ და განზრახ საფრთხეს უქმნის ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას.
დროებითი ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში ისრაელმა ხელი შეუწყო ღაზაში 25,200 სატვირთო მანქანის შესვლას დახმარების სახით, რომლებსაც აუცილებელი მარაგი, მათ შორის საკვები და საწვავი გადაჰქონდათ. ეს ემატებოდა ომის განმავლობაში მიმდინარე ჰუმანიტარულ დახმარებას. ჰამასმა მიიტაცა ამ დახმარების დიდი ნაწილი და გადაამისამართა იგი სამხედრო მიზნებისთვის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ისრაელელების სიცოცხლეს. დღეს ჰუმანიტარული დახმარება გახდა ჰამასის შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო ღაზაში. შედეგად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც კრძალავს ჰუმანიტარული დახმარების ტერორიზმისთვის ბოროტად გამოყენებას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდგომი დახმარების შეჩერების შესახებ.
ისრაელის მიზნები უცვლელი რჩება: ყველა ჩვენი მძევლის - ცოცხალის და დაღუპულის - გათავისუფლება, ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების ჩამოშლა და ღაზადან მომდინარე ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას შემოგვიერთდეს და მოითხოვოს ჰამასისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მძევლები." ნათქვამია განცხადებაში.