„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებზე, არსებითად ამძიმებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ, ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას,არ პასუხობს ფსიქოაქტიური ნივთიერებებისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების წუხილებს და არის პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითი - ასე აფასებს "სოციალური სამართლიანობის" ცენტრი ოლიგარქის პარტიის მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს
ქართულმა ოცნებამ ნარკოპოლიტიკის დამძიმების მიზნით საკანონმდებლო პაკეტი 5 მარტს, დააინიცირა, და დღეს, 19 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 83 "დეპუტატი, წინააღმდეგი - არც ერთი.
პაკეტი რვა სამართლებრივ აქტში, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს
SJC-ის შეფასებით:
"წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია და ის ვერ შეძლებს ქვეყანაში ადიქციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი პასუხის გაცემას, პირიქით, არსებითად დაამძიმებს ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა გატარდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მეთოდებით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სამეცნიერო მეთოდებზე დაყრდნობით.
ნარკოპოლიტიკის რეფორმამ უნდა მოიცვას სამი ძირითადი მიმართულება:
- რეპრესიული კანონმდებლობის გადახედვა;
- ჯანდაცვის სერვისების (ზიანის შემცირება, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები, სოციალური ინტეგრაციის მიდგომები) გაუმჯობესება და გაფართოება;
- ნივთიერების მოხმარების პრევენციის სისტემური ხედვის შემუშავება და დანერგვა.
მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ რეპრესიული კანონმდებლობის განხილვა და დაუბრუნდნენ „2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიით“ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.