ოლიგარქის რეჟიმის ჯანდაცვის უწყებაში ცვლილებებია. "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის პირველ მოადგილედ ექიმი ირაკლი სასანია დაინიშნა.
უწყების ცნობით, ირაკლი სასანია მანამდე Cito Medical-ში, პედიატრიული სამსახურის უფროსი იყო. ასევე, ტელეკლინიკა MYdoc-ის მმართველი პარტნიორი.
მათივე განცხადებით, 2017-2021 წლებში ირაკლი სასანიას შპს-UGT-ში ჯანდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, თბილისის სამეცნიერო აკადემიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
ირაკლი სასანია იკავებდა მთაწმინდის პარკის დირექტორის პოზიციასაც. ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილისთვის მიწერილი წერილიც. სადაც აღნიშნული იყო, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით სისტემატურად გადაადგილდებოდნენ სამთავრობო მანქანებით, რის გამოც ვიზიტორებს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდათ. როგორც შემდგომში სასანია ამბობდა, ამ კომუნიკაციის შემდეგ პრობლემა მოგვარდა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი სასანია არის პროპაგანდისტული "იმედის" მფლობელის ირაკლი რუხაძის დეიდაშვილი. სასანიას ბიზნესპარტნიორობა აკავშირებს ოლიგარქის პარლამენტის წევრ ილია ინჯიასთან.
ირაკლი სასანია 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ბოლომდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი იყო. მისი დირექტორობის შემდეგ კლინიკაში აუდიტი ჩატარდა, რომელსაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებით აცხადებდა მამალაძე, რომ კლინიკაში ფინანსური შემოწმების შედეგად 5 მლნ ლარამდე დავალიანება აღმოჩნდა.