ოთხშაბათს, 19 მარტს თურქული ლირა 12.7%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე 1$ = 42₺ დაეცა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავა.
ასევე მკვეთრად გაუფასურდა ობლიგაციები და აქციები. საერთაშორისო ობლიგაციების ღირებულება 1 ცენტით, აქციების კი 6%-ით შემცირდა.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს უცხოური ვალუტის რეკორდული რაოდენობა მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა.
სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ ერდოღანის ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციამ შეაფასა, როგორც "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ". სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავება რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ვიდრე CHP მას ოფიციალურად დაასახელებდა კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება "ქრთამის აღებას" და "თაღლითობას" ეხება. გარდა ამისა, მიმდინარეობს, კიდევ ერთი საქმე, რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიის" დახმარებას გულისხმობს. გარდა იმამოღლუსა, დაკავების ორდერი გაიცა დაახლოებით 100-მდე ადამიანზე.
ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო რამდენიმე გზა დაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები ოთხი დღით აიკრძალა სტამბოლსა და თურქეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური აქციები იმართება.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა ეკრემ იმამოღლუს უნივერსიტეტის დიპლომი გაუუქმა, ოფიციალურ მიზეზად კი დასახელდა ის, რომ 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადმოსვლა, დარღვევით განხორციელდა.