სალომე ზურაბიშვილისა და პროდასავლური პარტიების მიმართვა ევროპელ ლიდერებს | სრულად

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილისა და პროდასავლური პარტიების მიერ ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილ მიმართვას ავრცელებს.

მიმარვა:

"ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:

დემოკრატიის კუთხით:

საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს.
საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.

სუვერენიტეტის კუთხით:

გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო, საქართველოში განვითარებული მოვლენები, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და რაც გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მათთვის ვინ რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.

სტრატეგიული კუთხით:

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი, (რაც რუსეთს უკეთ ესმის ვიდრე ბევრ სხვას), განაპრიობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა, ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.

მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენს წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ.  

ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, საქართველოს ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ, პროტესტი არც ნებდება, არც ეგუება. ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. მმართველი ძალა  არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა.

არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და საბოლოოდ ამერიკული) მაღალი დონის მედიიაციის გზით.

მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არამხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას “ევროპის ხმა”, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.

მოგიწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად", - წერია მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი