ამ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. ირიბი მოლაპარაკებები გაიმართება - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა.
ABC News-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ საუდის არაბეთში ტექნიკური ჯგუფები გაემგზავრებიან. მოლაპარაკებებზე იქნებიან უკრაინაც და რუსეთიც, მაგრამ ამერიკელი წარმომადგენლები მათთან სხვადასხვა ოთახებში იმუშავებენ.
კელოგის თქმით, მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკლ უოლცის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, ასევე აშშ-ს პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორის მაიკლ ანტონის გუნდი დაესწრება.
"ეს იქნება მოლაპარაკებები სიახლოვის პრინციპზე დაფუძნებული, ანუ ერთი ჯგუფი იქნება ერთ ოთახში, მეორე ჯგუფი მეორეში. ისინი დასხდებიან, ისაუბრებენ და მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან - ეს არის შატლის დიპლომატია ერთ სასტუმროში. შემდეგ კი გავარკვევთ, რა პოზიციებს იკავებენ მხარეები“, - განაცხადა კელოგმა.
ცნობისთვის, ორშაბათს, 24 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა მოამზადებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების სიას, რომლებიც არ უნდა დაექვემდებაროს დაბომბვას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტამი ბრიუსმა განაცხადა, რომ ამერიკელი წარმომადგენლები რუსულ მხარეს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.