"უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი" | პოლონეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის "თეთრი წიგნი" თავდაცვის შესახებ 2030 წლამდე არის გათვლილი, არსებობს თუ არა ევროკავშირში მოლოდინი, რომ იმ დროისთვის რუსეთი სხვა ევროპულ ქვეყანას შეუტევს, ტუსკმა განაცხადა, რომ ასეთი გათვლები არ კეთდება, თუმცა, მადლიერია, რომ მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიკსენმა შესთავაზა 2030 წელი, როგორც თარიღი, რა დროისთვისაც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა "რადიკალურად უნდა გაიზარდოს".

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით,  რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

"გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა ძალიან ძვირი გვიჯდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის მიმართ იმიტომ, რომ  უკრაინამ თავის თავზე აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი," - განაცხადა ტუსკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი წიგნი, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს იყო წარმოდგენილი, ასახავს თავდაცვის ახალ მიდგომას და განსაზღვრავს ევროკავშირის საინვესტიციო საჭიროებებს. თეთრი წიგნი წარმოადგენს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია კრიტიკული შესაძლებლობების პრობლემების აღმოსაფხვრელად და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად. ის გარდა ევროპის თავდაცვის პოტენციალის განვითარებისა, ასევე ითვალისწინებს, ბრძოლის ველზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი