რუსული მხარის მიერ "ფსოუს საგუშაგოზე" დაწესებულ შეზღუდვას, რომლის თანახმადაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საგუშაგოს გადაკვეთა მხოლოდ რუსული პასპორტებით შეუძლიათ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპანტი რუსეთის უწყებებში სხვადასხვანაირად განმარტავენ.
მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ეხებათ "აფხაზეთის მოქალაქეებს", რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც "აფხაზური პასპორტით“ კვეთენ დე ფაქტო საზღვარს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
აფხაზეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ადრეც გაჩნდა. 2024 წლის თებერვალში, კრასნოდარის მხარის ФСБ-ის დირექტორატმა გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც არსებითად ადასტურებდა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ "ფსოუს საგუშაგოს" გადაკვეთა მხოლოდ რუსული პასპორტებით.
"რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ სხვა მოქალაქეობა, კვეთენ რუსეთის სახელმწიფო საზღვარს რუსული პასპორტის გამოყენებით“, - ნათქვამია კომენტარში.
ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო უწყება ეხმაურება და აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმში ამ დროისთვის ცვლილებები არ არის და მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ე.წ სამინისტრო იუწყება, "რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთის შესაბამის უწყებებთან. აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმში ამ დროისთვის ცვლილებები არ არის".
აფხაზური მხარის განცხადებით, დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის პროცედურა რეგულირდება 2009 წლის 2 ოქტომბრის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
"რუს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის საკითხი დააყენა.
"დარჩენილია განვსაზღვროთ მექანიზმი, რომელიც რეალურად დაუშვებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის - რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას. თქვენ იცით, რომ თქვენი მხარდაჭერით მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დრო, ესარგებლათ ამ შესაძლებლობით და თუ ის დარჩება, გვსურს, რომ შესაბამისი პროგრამა განხორციელდეს“, - განაცხადა გუნბამ. პუტინმა თქვა, რომ პროგრამა გაგრძელდება და შესაბამისი საკითხები "გადაიხედება".
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 130 ათასზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.