ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს | კომისიის კრიტიკული დასკვნა

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია ცვლილებებზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ უნდა განხორციელდეს, "ოცნებამ" კი ცვლილებები კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

"ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებები ადგილობრივი არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს აძლიერებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამთავრობო პარტიის პოზიციების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ევროპული სტანდარტი, განსაზღვრავს ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის კონკრეტულ საარჩევნო სისტემას, ეს ცვლილებები, როცა მას ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ხელს არ უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებას. უფრო მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ თანასწორობის პრინციპს", - წერია დოკუმენტში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: 

  • 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელმაც უნდა დაადგინოს საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები;
  • ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობის გადაცემა დამოუკიდებელ ორგანოზე;
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი მიმოხილვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რაც ყოვლისმომცველ რეფორმას უზრუნველყოფს და არა ხშირ და ფრაგმენტულ შესწორებებს, ასევე, დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი;
  • მსგავსი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ;
  • ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი