რეჟიმის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ შვანგირაძის მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. პროკურორებმა კი მას ნდობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები კვლავ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
სასამართლო სხდომას ესწრებიან დაკავებულებიც.
შეგახსენებთ, ოლიგარქის მოსამართლემ რეჟიმის 11 პატიმრის საქმეზე სხდომა ნაწილობრივ 5 მარტს დახურა. ირაკლი შვანგირაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ ბრალდებულს, ჯანო არჩაიას დარბაზი დაატოვებინა, რეჟიმის სხვა პატიმრებმა კი არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.