6 თვე და 1 წელი შეიძლება ვეღარ ვნახო [შვილი]. ამ გარემოების გამო მოვითხოვე შვებულება და იტალიელებმა გაითვალისწინეს და ჩემი თანამემამულეები ვერ ითვალისწინებენ ძალიან გული მტკივა - ამბობს რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დედა, რომელიც თხოვნის მიუხედავად მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაასწრო.
ქეთევან ქვრივიშვილი ემიგრანტია და იტალიაში დღეს ბრუნდება. მოსამართლე შვანგირაძის გადაწყვეტილების გამო, დღეს მან შვილის ნახვა ვერ შეძლო:
"დიდი უსამართლობაა, რომ ოჯახის წევრები ვერ ვესწრებით სასამართლო პროცესს იმიტომ, რომ ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ დავინახოთ ჩვენი შვილები, არის სასამართლო პროცესი. შეხვედრებზე როდესაც დავდივართ , მაშინ მინის მიღმა ზიან პატიმრები და ტელეფონით ვესაუბრებით და პროცესზე დასწრება კიდევ ერთი შესაძლებლობაა ხოლმე, უშუალოდ შვილების ხილვა.
ამაღამ მივფრინავ იტალიაში, 10 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ და დღევანდელ დღეს ველოდებოდი მოუთმენლად და რატომღაც არ მიშვებენ" ამბობს რეჟიმის პატიმრის ემიგრანტი დედა "ფორმულასთან".
რეჟიმის პატიმრების პროცესის გახსნის შუამდგომლობა, ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.