მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა ქალებს, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 48-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ენმ-ის ცნობით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს ესწრებიან
"ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები. მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ .
ის 38 დღე შიმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული, თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი - მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის , წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე, საპირწონედ არც ერთი მოძალადე, არც ერთი მწამებელი არ არის არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. და ბოლოს, მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით: „თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.