ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა. მემორანდუმს წინ უძღოდა მაიკლ ოფლაჰერტის ვიზიტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს.
კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას შეკრების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებების გამო, რომლებიც არასათანადო შეზღუდვებს უწესებს მომიტინგეებს, აფართოებს სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს.
კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის გამოც და საუბრობს მზია ამაღლობელის საქმეზე:
"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები", - ნათქვამია დოკუმენტში.