"ყველა საქმე, რომელსაც წულუკიანის ე.წ კომისია განიხილავს, კლანთანაა დაკავშირებული... საქმეებში ჩართული მოსამართლეები "ოცნების" დროს დაწინაურდნენ" | დოლიძე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელსაც ოლიგარქის პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისია განიხილავს, "სასამართლო კლანთანაა" დაკავშირებული.

როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კავშირში მყოფი ყველა მოსამართლე არის დაწინაურებული და მათი უმრავლესობა უვადოდ არის დანიშნული სხვადასხვა ინსტანციაში.

დოლიძეს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი 2021 წელს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა, მაშინ როდესაც, მან წინა ხელისუფლების დროს ჯემალ ლეონიძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მოგვიანებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსამართლე ქოჩიაშვილმა ლეონიძის კომპანია "მაგნატი" გააკოტრა.

ასევე, დოლიძის თქმით, დააწინაურეს მოსამართლე მზია ლომთათიძე, რომელმაც ლეონიძისთვის "უკანონო პატიმრობა შეუფარდა". გარდა ამისა, დოლიძემ ბესო ხარძიანის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც ხარძიანს პატიმრობა მიუსაჯა და ასევე, ხარძიანის მკვლელობის საქმეც განიხილა, 2019 წელს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში უვადოდ გააწესეს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მაგივრად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი მართავს ე.წ. კომისიაში - თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის, აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ესიამოვნება რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას...

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც წარდგება მომავალში, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა "კლანთან", რომელიც აგრძელებს "ქართული ოცნების" პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას და რომელსაც ჰყავს 53 პოლიტპატიმარი ტყვედ აყვანილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ის ადამიანები "ქართული ოცნების" პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ, არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს განაგრძობენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ლეონიძის საქმეში ძალიან კარგად ჩანს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც 2000-იან წლებში და წინა ხელისუფლების დროს, განიხილა ლეონიძის საქმე მის საწინააღმდეგოდ, მიიყვანა გაკოტრებამდე. ისევ ამ მოსამართლემ, როცა ლეონიძე პოლიტპატიმრად იყო ცნობილი 2012 წელს, "ქართული ოცნების" დროს არა თუ ქონება არ დაუბრუნა, გააკოტრა მისი კომპანია"მაგნატი" - 2021 წელს ის დააწინაურეს და უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ციხეში გაუშვა ბატონი ლეონიძე და მას უკანონოდ მიუსაჯა პატიმრობა... ისიც დააწინაურეს 2021 წელს და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. საუბარი რომ წულუკიანის კომისიის აზრი არის ბატონი ლეონიძისთვის უფლებების დაბრუნება, არის დიდი ტყუილი და ყურადღების გადატანა სხვა თემაზე.

ხარძიანის საქმე - ეს საქმეც ხასიათდება უკანონობით და ცინიზმით "ქართული ოცნების" მხრიდან. მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც ბესო ხარძიანი პატიმრობაში გაუშვა, შემდეგ იმავე მოსამართლემ განიხილა ხარძიანის მკვლელების საქმე - ახლა ლელა ნოზაძე არის უვადოდ განწესებული საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში (2019 წელს). ამ კომისიას აქვს ორი ამოცანა - პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი